მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ისევ წყვეტს მედიკამენტების მიღებას და უარს ამბობს მისთვის შექმნილ კონსილიუმის წევრებთან კომუნიკაციაზე.
მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებს დღეს გააცნო.
"როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების..
სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - წერია სააკაშვილის მიმართვაში.
რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.