გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ, ბათუმის საკრებულოში განაცხადა, რითაც გიორი გახარიას გუნდის წევრის, ირაკლი თავდგირიძის პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა.
როგორც გვიანიძემ აღნიშნა, მისი პარტია არც „ქართულ ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნას არ აპირებს.
„ჩვენი პარტია გაერთიანებულია მხოლოდ ღირებულებების გარშემო, ამიტომ გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება.
პოზიციებს არ ვიცვლით და ვაპირებთ ბრძოლას ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის და რაც მთავარია, არც „ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას, ეს არის გამორიცხული, რადგან ორივე პარტია ერთმანეთს დაემსგავსა, ორივე სწორედ იმ მეთოდებით შეინარჩუნოს და მოიპოვოს უმრავლესობა და ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. ვრჩებით ჩვენი იდეალების ერთგული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ბათუმის მუნიციპალიტეტში უმრავლესობის მოპოვება“, - განაცხადა გვიანიძემ.