ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირების შედეგად, კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა

ფოთში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ინციდენტს წინ უძღოდა ქალებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

დაზარალებული სუპერმარკეტ "იოლის" თანამშრომელია. დაზარალებულს ჭრილობები გატეხილი მინის ბოთლისგან აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილს კრიმინალისტები იკვლევენ.

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ის ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს – 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.