ჯანდაცვის სამინისტრო: ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 კლასი გადავიდა

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 218 სკოლა და 415 კლასი გადავიდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელიც შემცირდა. კერძოდ, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია.

“მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 142 მასწავლებელი", - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.