რომის პაპი: უნდა გავიაზროთ, რომ სამყაროს სჭირდება თითოეული ჩვენგანის მიერ პასუხისმგებლობის გაზიარება

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტზე, გლაზგოში, არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ეფექტური რეაგირების მექანიზმებზე ისაუბრონ და კონკრეტული საიმედო ნაბიჯები შესთავაზონ მომავალ თაობებს.

რომის პაპმა BBC-სთან ისაუბრა კრიზისებზე, მათ შორის Covid19-ის პანდემიაზე, კლიმატის ცვლილებასა და ეკონომიკურ სირთულეებზე და მოუწოდა მსოფლიოს, უპასუხოს ამ გამოწვევებს ხედვითა და რადიკალური გადაწყვეტილებებით, რათა ფუჭად არ დაიკარგის დრო.

„უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი სამყაროსთვის საჭიროა პასუხისმგებლობის გაზიარება. სადაც არ უნდა ვიყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვიქნებით, ყველას შეგვიძლია ჩვენი წილი როლი შევასრულოთ კლიმატის ცვლილებების საფრთხის მიმართ კოლექტიური რეაგირების დროს და თავიდან ავიცილოთ ჩვენი საერთო სახლისთვის დიდი ზიანის მიყენება“, - განაცხადა რომის პაპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში დღეს ჩავიდა.