საგარეო უწყება უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაცემის საკითხს განმარტავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები არც ახლა მიმდინარეობს და ეს თემა არც მანამდე განხილულა.

უკრაინის რადას დეპუტატმა იულია კლიმენკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა და კონსილიუმთან ურთიერთობა შეწყვიტა.