სუს-ი: ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხილვა მიმდინარეობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ძალები ხელისუფლების დამხობის გეგმას ამზადებს, რაზეც სუს-ი გამოძიებას აწარმოებს.

აღნიშნულ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც მტკიცებულების სახით ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს.

სუს-ის განცხადებით ჩანაწერი კანონიერი ნებართვის ფარგლებშია მოპოვებული.

„სუსის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს - მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშაულებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებას.

მსგავს ქმედებებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით, სუსმა დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებულნი გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში “, - აცხადებენ სუს-ში.