აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს ვატიკანში შეხვედრა გამართეს. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრაზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას რომის პაპმა უთხრა, გაეგრძელებინა ზიარება ზოგიერთი კონსერვატორი ამერიკელი ეპისკოპოსის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ადმინისტრაციის მხრიდან აბორტების უფლების მხადაჭერის გამო.
ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს აბორტის უფლებას, რაც კათოლიკური ეკლესიის პოზიციას ეწინააღმდეგება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად რომში გუშინ გვიან ღამით ჩაფრინდა.
თეთრი სახლის ცნობით, განსახილველ საკითხებში იყო COVID19 და კლიმატის ცვლილება, თუმცა შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რომის პაპთან საუბრისას ბევრი თემა განიხილა.
CNN-ი იტყობინება, რომ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მხარეები ერთმანეთს თბილად შეხვდნენ, საჩუქრებიც გაცვალეს და ერთმანეთს გააცნეს დელეგაციები. ბაიდენმა რომის პაპს გადასცა სპეციალური მონეტა, დელავერის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის გამოსახულებით, სადაც მისი ვაჟი, ბო (გარდაცვლილი) მსახურობდა.
„ვიცი, რომ ჩემს შვილს ამ საჩუქრის გადმოცემის სურვილი ექნებოდა , - უთხრა ბაიდენმა რომის პაპს.
ბაიდენმა მადლობის ნიშნად გაიხსენა, რომ 2015 წელს რომის პაპი პირადად ჩავიდა ვაშინგტონში ბო ბაიდენის გარდაცვალების შემდეგ.
ბაიდენმა განმარტა, რომ მონეტებს „მეომრები და ლიდერები“ იმსახურებენ, აშშ-ის პრეზიდენტმა აქვე დაამატა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი მეომარი მშვიდობისთვის, ვინც კი ოდესმე შეხვედრია, სწორედ რომის პაპია“.
ამერიკული მედია წერს, რომ ბაიდენის შეხვედრას დღეს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ქვეყნისთვის მეორე კათოლიკე პრეზიდენტისთვის, რომელიც თითქმის ყოველ კვირას ესწრება მესას, პირჯვარს იწერს თავის გამოსვლების დროს და აქვს პაპის ფოტო ოვალურ კაბინეტში მისი მეუღლისა და შვილიშვილების ფოტოებთან ერთად.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბაიდენი ეწვია ვატიკანს 2016 წლის შემდეგ, 2015 წელს მას შვილი სიმსივნით გარდაეცვალა. ვიზიტის მიზანი სამედიცინო კონფერენციაზე დასწრება და იმ ავადმყოფობის მიზეზის სამკურნალო საშუალებების შემუშავება იყო, რითაც ბო ბაიდენი გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: