აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რომში გამართული შეხვედრისას განუცხადა, რომ აშშ-მ უხერხულობა იგრძნო უსაფრთხოების პაქტის გამო, რომლის გამოც საფრანგეთმა მილიარდობით თანხა დაკარგა. საუბარია 2016 წელზე, როცა ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ავსტრალიის ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა. კონტრაქტის ღირებულება, რომელიც აშშ-ის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მიერ თავდაცვის ალიანსის გაფორმების შემდეგ ჩაიშალა, 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა. იმ პერიოდში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოების პაქტს უწოდა „ზურგში დარტყმა“ და საფრანგეთმა დროებით გაიწვია აშშ-ისა და ავსტრალიის ელჩები.
დღეს ლიდერები პირველად შეხვდნენ ამ შეთანხმების გაფორმების შედეგად წარმოქმნილი უხერხულობის შემდეგ.
მაკრონმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „მომავლისკენ ხედვა“.
„ღვთის წინაშე, გულწრფელად გითხრათ, მე ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ საფრანგეთს დიდი ხნით ადრე აცნობეს, რომ შეთანხმება არ სრულდებოდა“, - დაამატა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ იმედი აქვს, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება.
„ერთობლივად დავამყარეთ ორმხრივი პარტნიორობა იარაღის ექსპორტის, ბირთვული და განახლებადი ენერგიების, კოსმოსისა და ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროებში. გვსურს, გაღრმავებული თანამშრომლობა გვქონდეს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.