იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე: თუ საჭირო გახდა, ვერტმფრენს გამოვიყენებთ

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ვერტმრენით გადაიყვანენ გლდანის ციხეში.

ამით იუსტიციის მინისტრი საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „მსჯავრდებულ სააკაშვილის გლდანის მე-8 დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იგეგმება“.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „სრული მზადყოფნაა ნებისმიერი სცენარისთვის“,

„სუსის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, საუბარია შესაძლო მძიმე დანაშაულზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ბოლო დღეებში მიმართავენ ამორალურ მანიპულაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „დღეს ის განცხადებებიც ვიხილეთ, თითქოს ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული პატიმრის სიცოცხლე და თუკი ვინმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის პატიმრის მკვლელობის თანამონაწილეა. ესაა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ტყუილი, ამორალური საქციელი და ამომრჩეველზე პირდაპირ ძალადობა. ეს ძალადობა ძალიან მალე დასრულდება. ეს დასრულდება ხვალ და ბუნებრივია ამ ქვეყანაში არასოდეს მიეცემა გასაქანი მსგავსი ტიპის ქმედებებს და ზოგადად, მოსახლეობის შეურაცხყოფას. მსგავსი მანიპულაციები მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.