დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.
მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.
ყველა თვითმმართველ ქალაქში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები უპირისპირდებიან:
თბილისში – კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“);
რუსთავში – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) და დავით კირკიტაძე („ნაციონალური მოძრაობა“);
ქუთაისში – იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) და ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა“);
ფოთში – ბექა ვაჭარაძე („ქართული ოცნება“) და გიგი უგულავა („ნაციონალური მოძრაობა“);
ბათუმში – არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) და გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“);
ხუთი თვითმმართველი ქალაქის გარდა, მოქალაქეები დღეს მერებს ირჩევენ 15 მუნიციპალიტეტში – თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება იმ ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის უწევს, რომლებმაც პირველ ტურში გამარჯვებისთვის 50% +1 ხმის მიღება ვერ შეძლეს.