ცესკოს სპიკერი: საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. ადმინისტრაცია მზადაა არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად", - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები უკვე ჩატარდა.

„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად", - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.