მეორე ტურისთვის რეგისტრირებულ 2 088 722 ამომრჩეველს დღეს, 1830 საარჩევნო უბანი და 29 სპეციალური უბანი მოემსახურება

ცესკო-ს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი და 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოემსახურება. მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 088 722.

დღეს, 30 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. თქვენ ირჩევთ მერებს ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს. ორი ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება და ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით მისცემენ.

ამასთან, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზეც განხორციელდება ბიულეტენების დათვლის აუდიო-ვიდეო გადაღება ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, საერთო ჯამში – 1 750 უბანზე. კალანდარიშვილის თქმითვე, ასევე გადაღებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის პროცესიც.

ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია გაუგრძელდა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და მედიას.

30 ოქტომბრის არჩევნებს გაზრდილი რაოდენობით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები.

რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.