კარლ ჰარცელილ: დღეს ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნას პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღეს დილით თბილისის #1საარჩევნო უბანზე მივიდა. ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ამ დროისთვის მისი პირველი გაჩერება იყო.

ელჩმა ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მშვიდ გარემოში ექნებათ ხმის მიცემის შესაძლებლობა

„ეს საარჩევნო უბანი არის ჩემი პირველი გაჩერება, სადაც მე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დავაკვირდები. ეს არის არჩევნების ბოლო რაუნდი და 2021 წლის საარჩევნო ციკლის დასასრული. დღეს არის არჩევნების დღე და ეს არ არის მომენტი ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, როდესაც უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე, არამედ ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნას პოლიტიკა.

აქედან გამომდინარე, მე ვიმედოვნებ და მოვუწოდებ რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს, გამოვიდნენ და თავიანთი ხმა გააგონონ, რადგან, როგორც ვიცით, არჩევნები არ განისაზღვრება უმრავლესობის სურვილით, ის განისაზღვრება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გადაწყვეტენ გამოსვლას და ხმის მიცემას. ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ ამომრჩევლებს დღეს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში ექნებათ და ვისურვებდი, რომ მედიას ასევე მიეცემა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს განხორციელება თანასწორ და მშვიდობიან გარემოში. მინდა მადლობა გადავუხადო არჩევნებზე მომუშავე ადამიანებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს მუშაობა და გააგრძელებენ ამას გვიანობამდე. მე ვუსურვებ მათ გამბედაობას, გამძლეობასა და ჯანმრთელობას, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.