აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიმართ უზრუნველოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„შეწუხებული ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ამ პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით როგორც აქ, ასევე ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მე არ ვარ ევროპული სამართლის ექსპერტი, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ის უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის ინტერესი რა თქმა უნდა არის, რომ მისი მოქალაქე იყოს დაცული. ჩვენი მხრიდან, კვლავ იქნება მოწოდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები და განახორციელონ მისი მონიტორინგი“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.