კელი დეგნანის თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობით უნდა დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები და განახორციელონ მისი მონიტორინგი

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობით დაინტერესდნენ სამედიცინო სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები და განახორციელონ მისი მონიტორინგი. ელჩს ჟურნალისტებმა ამ კომენტარის დაზუსტება სთხოვეს და გლდანის ციხეში შესაძლო გადაყვანაზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

„მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი და როგორ მე მესმის, სასჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ ერთი საავადმყოფო არსებობს, მაგრამ მე, ასევე, ინფორმირებული ვარ სახალხო დამცველის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ამ დაწესებულებას არ აქვს გარკვეული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება სააკაშვილს სჭირდებოდეს.

საბოლოო განმსაზღვრელი უნდა იყოს მომსახურება, რომელიც ნებისმიერი სახის პაციენტს სჭირდება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პროფესიონალების მიერ სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ადამიანი იღებდეს ისეთ ზრუნვას, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი“ , - განაცხადა კელი დეგნანმა.