ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 445 თავისუფალი საწოლია.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, მათგან, ვინც სტაციონარში მკურნალობს, 1286 ადამიანი ჟანგბადდამოკიდებულია, 392 ადამიანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მისივე თქმით, ცხელ ხაზზე დღეს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული მხოლოდ 100 ზარი განხორციელდა, სასწრაფოს დაგვიანების შესახებ პრეტენზია კი ორი დღეა აღარ დაფიქსირებულა.
„ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ძალიან ხშირი იყო 112-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა ჩვენი მოქალაქეების სურვილი სასწრაფოს დაჩქარებაზე. ასევე, იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი ცხელი ხაზები, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, რომლებიც თავიანთ პრეტენზიებს აფიქსირებენ. ბოლო 2 დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით და დღეს 9 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო მხოლოდ 100 შემთხვევა, რომლებიც დღეს დღის განმავლობაში განთავსებიან სტაციონარში,“ - განაცხადა მან.
რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, რომელიც წინა დღეებთან შედარებით დაბალია (2501), მინისტრმა აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას ტესტირების კუთხით აქტივობა დაბალია.
„დღეის მდგომარეობით ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი. გამოვლენილი იქნა 2501 დადასტურებული შემთხვევა. იცით, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება, თუმცა ასევე მნიშნელოვანია, რომ გამოვლენა საკმაოდ დაბალია. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა. დღეს გვყავს 3988 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვინაიდან საქართველოში 83% არის გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია', - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 დეკემბერს, კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 988 და გარდაიცვალა 36 ადამიანი.