ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რუსთავში დააკვირდა ხმის მიცემის პროცესს პირველ და ოცდამეთვრამეტე საარჩევნო უბნებზე, სადაც მოქალაქეებს, საარჩევნო უბანზე მომუშავეებსა და მოხალისეებს ესაუბრა. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ.
„სასიამოვნო იყო რუსთავში საქართველოს მოქალაქეების ხილვა, რომლებიც თავიანთ პატრიოტულ მოვალეობას მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ასრულებენ. ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიისადმი ერთგულება ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო დამკვირვებლის სტატუსით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს მოსახლეობისთვის.
ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეები გამოდიან და ხმას აძლევენ, რომ ანგარიშვალდებული გახადონ თავიანთი ლიდერები. ამ დროს მოსახლეობას სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ლიდერებმა იციან მათი პრიორიტეტების შესახებ; იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, წყალი თუ ჯანდაცვა. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის. მოხარული ვარ, რომ ვიზიტისას ვნახე ძალიან მშვიდი გარემო, კარგად ორგანიზებული საარჩევნო სივრცეები.
კარგად მომზადებულნი არიან კოვიდთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ ხმის მიცემა იყოს უსაფრთხო. ასე რომ, ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რომ მათი ხმა გაისმას და ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული. ეს არის დემოკრატიის არსი და საქართველოს მოსახლეობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ხმის მიცემას ასე სერიოზულად უდგებიან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.