ზუგდიდის #20 უბანთან დაპირისპირების დროს ხუთი პირი დააკავეს

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის წევრსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერიაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. მათ შორის არიან "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ერთი და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ოთხი პირი. დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია.

მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ ზუგდიდელებს სეპარატისტები უწოდა. მუმლაძე ამას უარყოფს.

მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრი, ნიკა ნარსია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა კენჭს, დაკავებამდე ამბობდა, რომ მათ წარმომადგენელ ბექა პაპაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა "მწვანე ალტერნატივა - მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი ჯონი ციმინტია. ნარსია ამბობდა, რომ უბანთან სიებით ხელში მოქალაქეები შეამჩნიეს, ამ საკითხით დაინტერესებამ კი ციმინტია გააღიზიანა.

ადგილზე რჩებიან პოლიციის წარმომადგენლები.

წყარო რადიო თავისუფლება