ამირან გამყრელიძე საეკლესიო წინამძღვრებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საეკლესიო წინამძღვრებს მიმართავს, ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საეკლესიო პირები და ეკლესია გახლავთ ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრი, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი, ამიტომ ის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ აუცილებლად ვიყოთ პირბადით, ეს არის აუცილებელი, ეკლესიაში შიგნით თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია - ეს არის აუცილებელი. განსაკუთრებით ახლა, დეკემბერი და იანვარიც იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია - იქნება გრიპი, კოვიდი თუ სხვა და მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციების გავრცელების, ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშვება, პირბადე -ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა და ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით, ვიდრე შიგნით,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსს დეკანოზი დავით ქვლივიძე ემსხვერპლა. ვირუსი დაუდასტურდა სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს.