ივანიშვილის მიერ საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით შესვლის ფაქტზე საია-მ საჩივარი დაწერა

დაარღვია თუ არა კანონი ბიძინა ივანიშვილის დაცვამ, როდესაც ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს შეუძღვა საარჩევნო უბანზე, ამ საკითხით საია დაინტერესდა და შესაბამისი საჩივარიც დაწერა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა.

„მთაწმინდის მეოთხე უბანზე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა ხმის მისაცემად და ამ დროს უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ კი, მისი დაცვის წევრები. უბნის კომისიის თავმჯდომარეს ეს პირები არ უნდა შეეშვა უბანზე, თუმცა ისინი დაუშვეს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საჩივარი დავწერეთ”, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე რამდენიმე წელია, დაცვის თანხლებით შედის, თუმცა „ამ საკითხის აღმოსაფხვრელად რაიმე ქმედება არ გვინახავს”.

განმარტება გაკეთდა ცესკოში. პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ საკითხზე მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ საარჩევნო უბანზე შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან უბანზე.

„მოვიძიეთ ინფორმაცია, საჩივარი შესულია. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით. თუ ის ჩათვლის, რომ დაირღვა უბანზე შესვლის წესი, ბუნებრივია, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.