სპეციალური პენიტენციური სამსახური: N12 დაწესებულებასთან განსაკუთრებული მობილიზება არ არის

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა", - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.

„ინფორმაციისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.

გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება”, - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული.