კელი დეგნანი: იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველო მეტ ყურადღებას დაუთმობს პანდემიის კონტროლს. 10 000 გარდაცვლილი დიდი ტრაგედიაა

ამერიკის ელჩმა საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. კელი დეგნანმა ტრაგედია უწოდა იმ ფაქტს, რომ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

„პირველ რიგში დავიწყებ სამწუხარო ამბით, რომელიც ახლახან შევიტყვე. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა, ეს დიდი ტრაგედიაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებმაც თავისი ახლობლები და საყვარელი ადამიანები დაკარგეს ამ ძალიან საშიში დაავადების გამო. იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მეტი ყურადღება გადაიტანოს პანდემიის კონტროლსა და ვითარების გაუმჯობესებაზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ჯამში გარდაცვლილთა რიცხვმა კი 10 003 შეადგინა.