ამერიკის ელჩმა საარჩევნო პროცესზე მედიასთან მორიგი კომენტარი გააკეთა. საელჩო დამკვირვებლებისგან სხვადასხვა ცნობას იღებს.
„მე, სადაც ვიყავი, რუსთავსა და კრწანისში, საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული და სიტუაცია - მშვიდი. თუმცა ჩვენ გვყავს საელჩოს 26 გუნდი საქართველოს მასშტაბით და ისინი ძალიან განსხვავებულ მოვლენებს ხედავენ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში. გვაქვს ინფორმაცია მედიაზე, საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების განხორციელების შესახებ, რომლებსაც არ ეძლევათ უბნებზე შესვლის საშუალება, ასევე ფიზიკური დაპირისპირების შესახებ სხვადასხვა მხარეს შორის. უბრალოდ მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემოში ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ.
ეს არჩევნები ასევე არის შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ, როგორ მუშაობს გასულ ზაფხულში მიღებული საარჩევნო რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება, მაშ შორის გადათვლის სისტემა, რაც მნიშველოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და ქვეყანამ შეძლოს წინსვლა. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმება მოხდა. ეს იყო ძალიან წარმატებული მაგალითი იმისა, რომ ლიდერები, ძალიან განსხვავებული პარტიებიდან გამოდიან ერთად, იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის და შეაქვთ წვლილი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში. ყველა არჩევნები არის ნაბიჯის წინ გადადგმის შესაძლებლობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას ვიხილავთ დღეს და ხვალ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
ამასთან, საარჩევნო პროცესში ელჩის მონაწილეობაზე ტექსტი გაავრცელა ამერიკის საელჩომაც. მისი მიხედვით, მიუხედავად გამარჯვებულთა ვინაობისა, როდესაც ლიდერები ირჩევენ ინკლუზიურ მართვას, ამით მთელი ქვეყანა იმარჯვებს.
„დღეს ელჩი დეგნანი საელჩოს 26 ჯგუფთან ერთად აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცესს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. ამ არჩევნების შემდგომი პერიოდი საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გააძლიეროს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები: შედეგების შეჯამების გამჭვირვალე პროცესის, საჩივრების აქტიური და სამართლიანი მართვისა და მოქალაქეებისა და ჟურნალისტებისთვის მშვიდი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით. მიუხედავად გამარჯვებულთა ვინაობისა, როდესაც ლიდერები ირჩევენ ინკლუზიურ მართვას, ამით მთელი ქვეყანა იმარჯვებს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.