ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მსხვილ ქალაქს აგებს. ნიკა მელიამ მედიასთან განაცხადა, რომ თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი, რადგან ხელისუფლება მანიპულაციებს მიმართავს.
„ეს არის ისტორილი დღე, ვიგებთ თბილისს, კოალიციური გუნდი იგებს თბილისს და არამარტო დედაქალაქს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ მმართველი გუნდი საკუთარ აქტივზე ზეწოლას ახდენს, „ჩაიდინონ დანაშაული“, ამიტომ აპირებს ხმების დაცვას.
ამის პარალელურად, ბრიფინგს მართავდა მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე.
„არჩევნების დასრულებამდე ორი საათი რჩება, ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, არ დაიზაროთ მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში;მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღსა და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი; მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას“, - განაცხადა კახა კალაძემ.