ოპოზიცია კოალიციის იდეის გამარჯვებასა და ქვეყანაში გარდატეხაზე მიუთითებს, „ქართული ოცნება“ კი გამორიცხავს რისკს, რომ „გორბის“ შედეგები შეიცვლება

ბათუმსა და ქუთაისში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით „ქართული ოცნების“ კანდიდატები მცირე სხვაობით იგებენ, ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში ფიქსირდება. ბათუმის შემთხვევაში სხვაობა დაახლოებით, ერთ პროცენტს შეადგენს, ქუთაისის - დაახელობით ორი, ამ ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი კი 2.5%-ია. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა ანზორ მელიამ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველას მერი იქნება, „იმედის“ დაკვეთით კვლევა არ ჩატარებულა.

ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით კი „იმედის“ კვლევით, თბილისში კახა კალაძე 57,2-ით იგებს. შემდეგ მოდის რუსთავში, ნინო ლაცაბიძე - 53,8%.

“მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით ხუთ ქალაქში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს. ამ კვლევაში კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი - 53%-იანი მხარდაჭერა, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში აქვთ. თბილისსა და ბათუმში კი ოპოზიციის კანდიდატებს 51% აქვთ.

მმართველ პარტიაში ტრადიციულად, ოფისთან მოწყობილ სცენაზე, „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგების საფუძველზე იზეიმეს გამარჯვება. მომხრეებს მიმართეს და გამარჯვება მიულოცეს პარტიის ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა.

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომელ მუნიციპალიტეტს გულისხმობდა, როდესაც საუბრობდა, რომ ოპოზიცია მიახლოებულია 50%-იან ზღვარს და „არსებობდა გარკვეული რისკები“, ასეთად მან ბათუმი დაასახელა. „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, აქ კანდიდატს მმართველი პარტიიდან, არჩილ ჩიქოვანს - 50,8% აქვს. გიორგი კირთაძეს - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %.

ირაკლი კობახიძის თქმით, „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები იძლევა სწორედ იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. სხვა წყაროების ინფორმაციას ირაკლი კობახიძეს არ დაყრდნობია.

„ჩვენ 20-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ ამ არჩევნებს, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უნდა დაველოდოთ საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა ოპოზიციაში.

„ბევრ ადამიანს სჯეროდა, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, მაგრამ კოალიციურმა ერთობამ მოიტანა თავისი შედეგი. დაარწმუნა 10 000-ობით დამატებითი თბილისელი, რომ ღირს იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც ისტორია დაიწერებოდა და ჩვენ მათთან ერთად ისტორია დავწერეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, ოპოზიციამ კრწანისის რაიონში ფონიჭალის სამივე უბანი მოიგო. მისი თქმით, ეს უბნები ოპოზიციას ერთად არასდროს მოუგია.

„კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება მჯერა აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება", - აცხადებს ნიკა მელია.

„ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები გაყალბდეს, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის გაყალბებული მომავალი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად იყავით ყურადღებით, მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ახლა გავალთ უბნებზე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა იყოს ჩავლილი, ყველა ის უბანი, რომელსაც შეეცდებიან, რომ გააყალბონ, უნდა იყოს სასწრაფო წესით აღკვეთილი. ნებისმიერ ადგილას გავჩნდებით, სადაც საჭიროა. მინდა, მივულოცო საქართველოს ნამდვილად ისტორიული შემოტრიალება იმიტომ, რომ დღეიდან იწყება შემოტრიალება ამ ქვეყანაში და ეს მოხდება ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა თავის მხრივ, მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ამავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიცხვები, რომლებიც ორმა ეგზიტპოლმა დაწერა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ გამარჯვება არის კოალიციის მხარეს.

„ქვეყანაში საბოლოოდ გაიმარჯვა თავისუფლებამ - ეს არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

თავის მხრივ, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ამომრჩეველმა მოახერხა და დაამაარცხა ძალადობა. „ეს არის გარდატეხა ქვეყანაში“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. ოპოზიცია „გორბის“ კვლევებს ნდობას არ უცხადებს, ამის თქმის საფუძველს კი მათ პირველი ტურის დროს ჩატარებული კვლევა და დაფიქსირებული ცდომილება აძლევს. მაგალითად, თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ეს კვლევა პირველ ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ცესკოს მიერ გამოხადებული შედეგების შემდეგ გაირკვა, რომ მეორე ტური გახდა საჭირო.

დღის ბოლოს ბრიფინგი გაიმართა ცესკოში, სადაც პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის II ტურზე - 49.09%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ I ტურზე აქტივობა 51,92% იყო.

ცესკოს ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი.