ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, 2024 წლის არჩევნებს დაელოდოს, თუმცა ვარაუდობს, რომ მანამდე, ეს პარტია „დამთავრდება“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს დასრულდა საუბარი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილზე.

მან მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“, დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

„მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიასა და ასე შემდეგ. ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება არის მათ შორის, თქვენი გამარჯვებაც. არეულობა და ქაოსი არავის წაადგებოდა ამ ქვეყანაში, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება, აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.