ოპოზიცია ამ დროისთვის არსებულ ოფიციალურ მონაცემებს ლეგიტიმურად არ თვლის და ხმების დაცვას გეგმავს

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაში გადანაცვლებაზე საუბარი არ არის, თუმცა თითოეული ხმა უნდა იყოს დაცული.

„ის ოქმები და დარღვევები შედგეს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, რომ რეალურად გვქონდეს სურათი. საერთაშორისო პარტნიორებს მივაწვდით ყველა ამ დარღვევას, ყველაფერი გროვდება. თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

ჩვენ ქართველი ხალხის ხმებს არ გავატანთ და მოვაპარინებთ „ქართულ ოცნებას“, ეს გამორიცხულია! სასწორზე დევს ჩვენი ხვალინდელი დღე და ვერ ჩავადებინებთ ჯიბეში იმას, რაც მათ არ ეკუთვნით.

ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია. ყველა მხარდამჭერს, დამკვირვებელს მოვუწოდებთ, რომ ბოლომდე, არანაირი მოდუნება, ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმისთვის. ჩვენი წარმომადგენლები ყველა ოლქში იტყვიან თავის სიტყვას, თუ რა ხდება. „ფეიკ“ პრესკონფერენციები, რომლებიც მოვისმინეთ იმისთვის არის, რომ თითქოს არჩევნები მორჩა. არჩევნები მიმდინარეობს და დამთავრდება სამართლიანად. ამ სამართლიანობის გარანტორები ვიქნებით ჩვენ“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

თავის მხრივ, პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს.

„ქართული ოცნება“ ბრიფინგებით ცდილობს, წინასწარ შექმნას განწყობა, თითქოს არჩევნები დასრულდა და გამარჯვება გაიფორმეს. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც მე აღვწერე, ყველგან, ყველა უბანზე იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები და იცავენ თითოეულ ხმას. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დაიდოს ის შედეგები, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ამ შედეგების აღიარებით, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ხელისუფლებას ამ შედეგით, მათ შორის, რაც გამოაქვეყნეს ლეგიტიმურობის სერიოზული დეფიციტი აქვს. შეუძლებელია დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. უახლოეს მომავალში მივაღწევთ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგება“, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს მმართველ გუნდს „დროას“ ლიდერიც. მისი თქმით, სიცრუეა, თითქოს დიდი ქალაქების უმეტესობას „ქართული ოცნება“ იგებს.

„მოვისმინეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ტყუილი ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესი ქალაქები მოიგო - ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები“, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

თავის მხრივ გიგი უგულავა თვლის, რომ ფოთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაყალბდა და შედეგებს არ ცნობს.

ამ დროისთვის არსებული შედეგები

„ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. გამონაკლისია წალენჯიხის თემი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თელავში 55 უბნიდან დათვლილია 9 საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნნების“ კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი ლიდერობს - 59,261%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 40,739% აქვს.

თიანეთში: 21 უბნიდან დათვლილია 14, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან წიკლაური ლიდერობს - 55,023%-ით, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს - 44,977% აქვს.

ქარელში 40 უბნიდან დათვლილია 20 უბანზე. ამ შემთხვევაშიც ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა გულიაშივლი - 60,571%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 39,429% აქვს.

ხაშურში 53 უბნიდან დათვლილია 34 უბანი. ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 58,924% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 41,076%.

ცაგერში 42 უბნიდან დათვლილია 25 საარჩევნო უბანი და აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს - 64,286%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 35,714% აქვს.

ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია 27 უბანი. „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 561%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიუორგი რობაქიძეს 39,439%.

წყალტუბოში 69 უბნიდან 18 უბანია დათვლილი, აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე ლიდერობს 54,624%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან, ზაზა მეტრეველს 45,376% აქვს.

ოზურგეთში 63 უბნიდან დათვლილია 17 საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს 56,925% აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს 43,075%.

მარტვილში 40 უბნიდან დათვლილია 25, მონაცემებით კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 52,921% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 47,079%.

ხობში 33 უბნიდან დათლილია 18 უბანი. „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 58,934% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 41,066%.

ზუგდიდში 109 უბნიდან 24 უბანია დათვლილი და ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას 52,443% აქვს, ხოლო „მნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 47,557%.

წალენჯიხაში 29 უბნიდან დათვლილია 8 უბანი. აქ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ლიდერობს - 57,506%-ით, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 42,494%.

ჩხოროწყუში 28 უბნიდან 8 უბანია დათვლილი და ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი დათო გოგუა - 56,828%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბადრი ქარჩავას კი - 43,172% აქვს.

ხელვაჩაურში 47 უბნიდან დათვლილია 20 უბანი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე ლიდერობს - 57,26%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 42,74% აქვს.