აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა მოლაპარაკებები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართეს.
როგორც ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ირანის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯის გადადმის შემთხვევაში, კვლავ შესაძლებელია ურთიერთგაგების სწრაფი მიღწევა.
"ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ, ირანმა ვერასდროს შექმნას ან შეიძინოს ბირთვული იარაღი. მოლაპარაკებების მთავარი ამოცანა სახიფათო ესკალაციის თავიდან არიდებაა", - ნათქვამია აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში.
ირანი მზად არის, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაღერიმ 27 ოქტომბერს განაცხადა. მანამდე ამ განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩის ენრიკე მორას ვიზიტი და ირანის ოფიციალური წარმომადგენლის ვიზიტი ბრიუსელში.
„სერიოზული და კონსტრუქციული საუბარი მქონდა ევროკავშირის წარმომადგენელთან, ენრიკე მორასთან. წარმატებული მოლაპარაკების საფუძვლებზე ვისაუბრეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნოემბრის ბოლომდე მოლაპარაკებები დაიწყება. ზუსტი თარიღი მომავალ კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ბირთვული შეთანმხმების საკითხზე მოლაპარაკების გასაგრძელებლად ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს.