"„მეორე ტურში, ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ხელისუფლების არასათანადო გამოყენებასთან, წამაქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა ინესე ვაიდერემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა.
"არჩევნების დღეს, ჩემი ჩათვლით, ვაკვირდებოდით თბილისს, აქ არ იყო დიდი დარღვევა, ერთი ორი გართულების გარდა. ყოველთვის არ იყო მოცულობითი საარჩევნო უბნები, ადგილი არ იყო, რომ კოვიდრეგულაციები დაცული ყოფილიყო. გულწრფელად იმედი მაქვს, ეს კოვიდვითარება არ მოახდენს გავლენას თანამშრომლებზე და იქ მონაწილე პირებზე, დისტანცირება მართლაც აუცილებელია.
ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში არეულობები დააფიქსირა საარჩევნო უბნების მახლობლად. ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის გამოც ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნის განხორციელების უფლება.
ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ეს უნდა იყოს შეუქცევადი, ეს უკან არ უნდა შებრუნდეს. ამავე დროს, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება თქვენ ქვეყანაში ნამდვილად ისარგებლებდა, თუ პოლარიზაცია შემცირდებოდა. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ გაყოფას და უფრო მეტად ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე.
ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისადმი და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობისადმი“, - განაცხადა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში კი ძალიან მცირე სხვაობით.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს.
ჯამში პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 ხელისუფლებამ მოიგო.