ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით,ოპოზიციის ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" მცდარად მიაჩნია.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბოკერიამ აღნიშნა, რეჟიმის არასაარჩევნო გზით ცვლილებას საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური მეთოდების აღმოფხვრას.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი საუბრობს, ბოკერია ეთანხმება აზრს, რომ ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას კომპლექსური მიდგომა, მათ შორის საპროტესტო აქციები სჭირდება.
"ასეთ ვითარებაში, ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ აქვე მინდა, წინასწარ საზოგადოებამაც და ჩვენმა პარტნიორებმაც კონსულტაციებამდე იცოდნენ, რომ ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" ჩვენ მცდარად მიგვაჩნია.
მინდა, ყველას შევახსენო, რომ ისეთი სახიფათო ავტორიტარული რეჟიმების, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას", - აცხადებს გიგა ბოკერია.
მისი თქმით, ის მივა დღევანდელ აქციაზე, რომელიც ოპოზიციურმა კოალიციამ დააანონსა.
"ნურავინ, ნურავის ნუ მოვატყუებთ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციური კოალიცია დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.
როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა.
"არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- ნიკა მელია.
თვითმმართველობის მეორე ტურში 20 თვითმმართველი თემიდან და ქალაქიდან ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების ნაწილში, ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატებს ხმებს შორის მინიმალური სხვაობა ფიქსირდება.