რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური კოალიციის აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური კოალიციის აქცია დაიწყო

აქციაზე, ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს, არჩევნების მეორე ტურის შემდგომ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა.

"არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- ნიკა მელია.

ამ მომენტში რუსთავი #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესულია მისი პირადი ექიმი. ექსპრეზიდენტმა 29 ოქტომბერს მედიკამენტოზურ ჩარევაზე უარი განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, დღეს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეკრებას უკავშირდება.

თვითმმართველობის მეორე ტურში 20 თვითმმართველი თემიდან და ქალაქიდან ოპოზიციამ მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების ნაწილში, ოპოზიციის და ხელისუფლების კანდიდატებს ხმებს შორის მინიმალური სხვაობა ფიქსირდება. სულ, პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 -ში ხელისუფლებამ მოიგო.