"არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და საარჩევნო კამპანია კონკურენტული, თუმცა ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ ასევე დააფიქსირა ნეგატიური რიტორიკის გამწვავება, ამომრჩევლებთა დაშინებისა და ზეწოლის შენარჩუნებული ბრალდებები და რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც მმართველ პარტიას უპირატესობა მიანიჭა და საასპარეზო პირობები შეცვალა", - ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნაშია აღნიშნული.
„ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მადლიერებას ამომრჩევლების, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართ მათი ძალისხმევისა და ჩართულობისთვის COVID-19 პანდემიის პირობებში. გულითადად მივესალმებით ეუთო / ოდირის და ევროპარლამენტის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას მეორე ტურის დროსაც.
პირველი ტურის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მასთან დაკავშირებით დაფიქსირებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში ნორმად არ უნდა იქცეს. ვწუხვართ, რომ ეს არჩევნები ამ მიმართებაში დაკარგული შესაძლებლობა იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგა.
პირიქით, გაჩნდა ახალი ხარვეზები, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი რიტორიკის კუთხით, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია.
ამ არჩევნებამდე გაჟღერებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საკრებულოებთან, თუ ისინი განსხვავებულ უმრავლესობას აირჩევენ, შეშფოთებას იწვევს, რადგან ამომრჩეველთა არჩევანის შეზღუდვასა და პლურალიზმის ლიმიტირებაზეა მიმართული.
მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საარჩევნო პროცესში ჩართულობა განაგრძონ. საზოგადოების ნდობა მისი სამართლიანობის მიმართ მოითხოვს ინკლუზიურ, სანდო და გამჭვირვალე გადათვლის პროცესს და საჩივრებისა და აპელაციების სამართლიან განხილვას. ამ მხრივ უახლოეს დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები ჭეშმარიტ ძალისხმევას არ დაიშურებენ ისეთი პოლიტიკური კლიმატის შესაქმნელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მოლოდინების გამართლებას ხელს შეუწყობს.
ეს მოიცავს მნიშვნელოვანი რეფორმების მრავალგზისი ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებული დღის წესრიგის განხორციელების განახლებას, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვის ღირებულებებს ეფუძნება", - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, წალენჯიხის გარდა, ყველა მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიგეს, ზოგიერთ ქალაქში კი ძალიან მცირე სხვაობით.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. ჯამში პირველ და მეორე ტურში 64 მუნიციპალიტეტიდან და ქალაქიდან 63 ხელისუფლებამ მოიგო.