მეუფე შიომ ანჩისხატის ხატთან დაკავშირებით, პრემიერს წერილით მიმართა

პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. 21 ოქტომბრით დათარიღებული წერილი საპატრიარქოს Facebook-ზე გავრცელდა. მეუფე შიო წერილში პრემიერს „შეახსენებს, რომ ანჩისხატის ხატის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, კათოლიკოს პატრიარქმა წერილობით, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მიმართა მთავრობის ხელმძღვანელს.

„სახატე ვიტრინა უნიკალურია იმ მხრივ, რომ მასში დამონტაჟებულია, როგორც აქტიური, ისე პასიური ფარდობითი ტენიანობის რეჟიმის სისტემები, ტენიანობის აღმწერი კომპიუტერული ფუნქციით, LED ნათურების განათება, ცნობილი ფირმა "სილატეკის" დარტყმასაწინააღმდეგო, ტყვიაგაუმტარი და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცული მინა, წინა მოძრავი კარით. ვიტრინა იკეტება, რამდენიმე საკეტით, აქვს სიგნალიზაციის ფუნქცია. ყველა კომპონენტი გათვალისწინებული და მორგებულია ხატისა და ტაძრის არსებულ მდგომარეობასთან“, - წერს პატრიარქის მოსაყდრე.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების დაცვის ნორმების შემუშავებაში ჩართული იყო გერმანული კომპანია Sehner, რომლის ხელმძღვანელებიც მზად არიან, საქართველოში ჩამოვიდნენ და ყველა კითხვას უპასუხონ.

„გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას", - აღნიშნულია წერილში.