„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ გაიმართება.
მან მედიასთან განმარტა, რომ აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს.
„7-ში არ იქნება მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. გადაწყვეტილია, იქნება ნამდვილად 6-ში ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ 7-ში არ იქნება, იმიტომ, რომ 7-ში არ უნდა იყოს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვპირველთან“.
ცნობისთვის, რუსთაველზე ოპოზიციის შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დააანონსა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს.
„არ მახსოვს არცერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებით საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ გაყალბდა და არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავის ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ მათ ეს ყველაფერი არ ეყოთ, მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც მათ გაიფორმეს, ამ შედეგს ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის, დიახაც, ახლა როგორც არასდროს, დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ - გამარჯვებისთვის. ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა? ოლიგარქმა? მთავრობამ? - არა! ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომლებმაც უბრალოდ დაირქვეს „ქართული ოცნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.