ჯო ბაიდენი: კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით იმედგაცრუებულია იმით, რომ „დიდი ოცეულის“ რომში გამართულ სამიტზე რუსეთმა და ჩინეთმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ვალდებულება არ გამოხატეს.

„იმედგაცრუება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ განუცხადებიათ ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების კუთხით. არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ​განცხადებით, აქვს განცდა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე მისი იმედები არ რეალიზდა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად იმედები საბოლოოდ დაკარგული არ არის.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლა იმედები ემყარება გლაზგოში, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას, რომ შენარჩუნდეს 1.5 გრადუსის ამოცანა, განხორციელდეს ხალხის და პლანეტისთვის ფინანსების, ასევე ადაპტაციის დაპირებები.

ჯო ბაიდენმა იმ პროგრესზეც ისაუბრა, რასაც რომში გამართულ სამიტზე მიაღწიეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„მივიღეთ მთელი რიგი დებულებები ნახშირის სუბსიდიების დასასრულებლად. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმაზე ორიენტირება, თუ რას არ აკეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი, რას არ აკეთებს საუდის არაბეთი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დიდი ოცეული სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს მიმდინარეობდა, სადაც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, გლობალურ კორპორატიულ გადასახადზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და უთანასწორობის დაძლევაზე იმსჯელეს.

ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვან და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებენ იმისთვის, რომ გლობალური დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც, მეცნიერების განმარტებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დონეა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.