იუსტიციის მინისტრი: რამდენი ხალხიც უნდათ იმდენი, რომ გამოიყვანონ, სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში ვერტმფრენითაც გადავიყვანთ

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმრის გადაყვანისას ყველა სცენარი განიხილება. ის სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეყრდნობა და აცხადებს, რომ პასუხი იქნება „მკაცრი და ადეკვატური“.

„მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ პატიმრის გადაყვანას ვახორციელებთ, ყველა სცენარს წინასწარ გავდივართ. ჩვენ გვაქვს ყოველთვის სრული მზადყოფნა და თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას, ბუნებრივია, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და ძალიან მკაცრი. თუ ამას გაბედავენ, ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხს აგებენ.

რამდენი ხალხიც უნდათ იმდენი, რომ გამოიყვანონ, ამ შემთხვევაში ყველა დამნაშავე იქნება, ჩვენ მას ვერტმფრენითაც კი გადავიყვანთ და ბუნებრივია, იქ ხელს ვერაფრით შეგვიშლიან. ვერტმფრენით გადავიყვანთ მე-18 დაწესებულებაში, როგორც უკვე ვთქვი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რუსთავის #12 დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობს. იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმთა კონსილიუმი შექმნა, რომელმაც ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცა. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი მის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ მსჯავრდებულზე გამონაკლის ვერ დაუშვებენ მისი გადაყვანა მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოშია შესაძლებელი.