ავსტრალია პანდემიის დაწყების შემდეგ, საზღვრებს პირველად ხსნის

ავსტრალიამ საერთაშორისო სასაზღვრო შეზღუდვები პანდემიის შემდეგ, დღეიდან პირველად შეამსუბუქა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შედეგად, ვაქცინირებულებს თავისუფლად მოგზაურობის საშუალება მიეცემათ.

Qantas Airways-ის რეისი ლოს ანჯელესიდან სიდნეიში, ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე შესრულდა, ვაქცინირებულ მოგზაურებს უფლება მიეცათ, აეროპორტიდან კარანტინის გარეშე გასულიყვნენ.

საერთაშორისო მოგზაურები ასევე ჩავიდნენ სიდნეიში სინგაპურის ავიახაზების გავლით.

მოგზაურობის წესების შემსუბუქება ვაქცინაციის მაჩვენებლების ზრდამ გამოიწვია. ავსტრალიის ორ ყველაზე დასახლებულ შტატში, ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების 80%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული.

არავაქცინირებულ მოგზაურებს კვლავ ექნებათ საკარანტინო შეზღუდვები და ყველა მოგზაურს კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ „დელტას“ გავრცელების გამო სიდნეი და მელბურნი ბოლო დრომდე ინარჩუნებდა ჩაკეტვას, ავსტრალიაში კორონავირუსის შემთხვევები გაცილებით დაბალია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, დაახლოებით, 170,500 ინფიცირებულია და 1735 გარდაცვლილი.