ლევან დავითაშვილი: თუ USDA საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს, მოხარული ვიქნებით

"მოხარული ვიქნებით, თუ USDA საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელიც COVID 19-ის პანდემიით მიყენებული ზიანის გამო, კიდევ უფრო მეტადაა კონცენტრირებული საგრანტო კომპონენტებზე", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს სოფლის მეურნეობის საკითხებში, ქრისტინა მუმმასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, განსაკუთრებით კი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) წლების განმავლობაში, საქართველოში აგრარული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარული ვიქნებით, თუ USDA გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რომელიც COVID 19-ის პანდემიით მიყენებული ზიანის გამო, კიდევ უფრო მეტად არის კონცენტრირებული საგრანტო კომპონენტებზე. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს USDA-ის მხრიდან სამომავლო თანამშრომლობის და მხარდაჭერის საკითხებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილების გავლენაზე სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.

ამასთან, საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაციის და ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები.