გერმანული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლებმა DW-სთან ინტერვიუში ისაუბრეს ვირუსისა და ვაქცინაციის მომავალზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ COVID19 უფრო მართვადი ვირუსი გახდება. მაინცში დაფუძნებული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლებს ოზლემ ტურეჩს და იგურ შაჰინს 2021 წლის 13 ოქტომბერს საბერძნეთის პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პირველი ვაქცინის შექმნაში გაწეული სამუშაოსთვის.
Europetime ინტერვიუს სრულ თარგმანს გთავაზობთ.
_რა მოხდება COVID19-თან დაკავშირებით და როდის დასრულდება პანდემია?
ოზლემ ტურეჩი: ეს რთული კითხვაა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ რაღაც ახალს ვირუსის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ის ვაქცინაზე. ჩვენ გვჭირდება ეს ცოდნა, რათა ვიმსჯელოთ, როდის დასრულდება პანდემია. მაგრამ რაც უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ თანდათან ახალი ნორმა მკვიდრდება. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. ბევრი ჩვენგანი უკვე ვაქცინირებულია და თავისუფლების ახალი ხარისხი მოდის. იქმნება ვითარება, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ უფრო თავისუფლად, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნურია.
რა თქმა უნდა, ვირუსთან კიდევ რამდენიმე წელი გვექნება საქმე. ასევე იქნება პასუხები კითხვებზე, რომლებიც ამჟამად დაუზუსტებელია. მომავალი გვიჩვენებს, გამოჩნდება თუ არა სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურია ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ და საჭიროა თუ არა მათი განახლება. წლების განმავლობაში ვირუსი გრიპის ვირუსის სტატუსს შეიძენს, რისთვისაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ აიცრება. კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება.
_ხომ არ მუშაობთ ახალი თაობის ვაქცინაზე სხვა ვირუსის მუტაციების წინააღმდეგ?
უგურ შაჰინი: დიახ, ჩვენ ამჟამად ვამოწმებთ ვარიანტულ ვაქცინებს მოხალისეთა შედარებით მცირე ჯგუფში. სამხრეთ აფრიკის ბეტა ვარიანტის კვლევა თითქმის დასრულებულია და მიმდინარეობს კვლევა დელტას ვარიანტზე, ძირითადად მონაცემთა შეგროვების მიზნით. ამ დროისთვის ვაქცინის შეცვლა არ არის საჭირო. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ახალი ვარიანტის ვაქცინები და შევამოწმოთ ისინი კლინიკურად.
თუ ვარიანტი გამოჩნდება მომდევნო რამდენიმე წელიწადში და ვაქცინის შემუშავება გახდება საჭირო, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად შევძლებთ, რადგან უკვე ვიცით შესაბამისი პროცედურა. ჩვენ ძალიან მშვიდად შეგვეძლება, მოვემზადოთ იმისთვის, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოხდეს ახალი ვირუსის მუტაციებისადმი ადაპტირება.
_აუცილებელია ბავშვების აცრაც?
უგურ შაჰინი: ჩვენ ვერ ვიტყვით, საჭიროა თუ არა ეს. ჩვენ ვაწარმოებთ მონაცემებს და ვაწვდით მას პასუხისმგებელ ორგანოებს. მათ უკვე დაამტკიცეს ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (გერმანიაში - რედაქტორის შენიშვნა). ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. ვაქცინების დამტკიცების შემდეგ, ინდივიდების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ვაქცინაცია.
_იმედგაცრუებული ხართ, რომ ამდენი კვლევის შემდეგ კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე?
უგურ შაჰინი: ჩვენ სულაც არ ვართ იმედგაცრუებული. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ინფორმაციის მიწოდების გამჭვირვალეობა. ვფიქრობ, კარგია, რომ ექსპერტები ამ აზრს მედიაში გამოხატავენ. ამ გზით ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გაიგოს რეალური ინფორმაცია. ერთადერთი, რასაც ყველას ვურჩევდი, ისაა, რომ არ გაეცნონ მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას. რაც შეიძლება ფართოდ მიიღეთ ცნობები, რათა მივიდეთ კარგ გადაწყვეტილებამდე.
_როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის ახალი ტექნოლოგია და რომ ჩვენ არ ვიცით პოტენციური მომავალი შედეგები, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
უგურ შაჰინი: ვაქცინები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ვაქცინების გარეშე ჩვენი საზოგადოება ვერ განვითარდებოდა ისე, როგორც დღეს არის. და ჩვენი ვაქცინა შეიძლება ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიას, მაგრამ ჩვენ ეს კარგად გვესმის, რადგან ის უკვე 30 წელია, არსებობს.
ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამეცნიერო საფუძველი, რადგან საჭირო კვლევები ტარდება 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. სწორედ ამიტომ იყო შესაძლებელი ჩვენი ვაქცინის ასე სწრაფად შემუშავება.
_მთელ მსოფლიოში მთავრობები ცდილობენ, დაარწმუნონ მეტი ადამიანი ვაქცინაციის აუცილებლობაში. მეტის გაკეთება შეეძლოთ?
ოზლემ ტურეჩი: ყველა მთავრობა ცდილობს და მათ შეიმუშავეს ჭკვიანური და საინტერესო საშუალებები ხალხის სურვილის გასაძლიერებლად, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ყველა მთავრობამ უნდა გაიზიაროს სხვების გამოცდილება, მსოფლიოს სხვა რეგიონებში. კიოლნის მერმა გვითხრა, რომ ის თავად მიდის გარკვეულ რაიონებში, როდესაც ვაქცინა შემოდის. ეს არის ის, საიდანაც სხვა გადაწყვეტილების მიმღებებმა შეიძლება, მაგალითი აიღონ.
ამავე თემაზე:
პირველი კოვიდვაქცინის შემქმნელებმა პანდემიის დასრულების თარიღი დაადგინეს