გერმანიამ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები გადასცა

გერმანიის მთავრობამ საქართველოს გადასცა ფირმა Roche-ს წარმოების კოვიდის საწინააღმდეგო წამლების Casirvimab-ისა და Imdevimab-ის 3024 დოზა. წამლები, რომლებიც ფირმა DB Schenker-მა ჩამოიტანა საქართველოში, გასულ კვირას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ოფიციალურად გადასცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„მაღალი ხარისხის ეს მედიკამენტები განკუთვნილია კოვიდით დაავადებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წამლების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ კოვიდთან ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უფრო მეტმა ადამიანმა გაიკეთოს ვირუსის საწინააღმდეგო აცრა“, - განაცხადა წამლების გადაცემისას გერმანიის ელჩმა.

ცნობისთვის, კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია Roche-ს მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ.

ეს მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მედიკამენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.