სომხეთმა 12 წელს გადაცილებული მოზარდების ვაქცინაცია დაუშვა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდების აცრა დაუშვა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, უკვე აცრილია სულ მცირე 20 მოზარდი. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური ბიურო ავრცელებს.

გადაწყვეტილება გასულ კვირაში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანაიტ ავანესიანმა მიიღო, რადგან სომხეთში სულ უფრო მატულობს კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო "წამლის ევროპული სააგენტოს" უახლესი რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, 12-17 წლის მოზარდებში დასაშვებია ამერიკული წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, Moderna-ს გამოყენება.

სომხეთმა ამ ვაქცინის პირველი, 50 ათასი დოზა ოქტომბრის დასაწყისში, ლიეტუვასგან მიიღო. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, უახლოეს პერიოდში, ქვეყანა 620 000 დოზა ვაქცინას დონაციის სახით მიიღებს, როგორც თავად ვაქცინის მწარმოებელი კომპანიისგან, ისე ნორვეგიის სახელმწიფოსგან.

Moderna-ს პირველი დოზით სომხეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის 12 წლის ქალიშვილიც აიცრა. ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა შვილის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.