ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იქ, სადაც  „ქართულ ოცნებას“  უმრავლესობა არ ჰყავს, კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა

"თუკი მერსა და საკრებულოს შორის თანამშრომლობა არ შედგა იმ თვითმმართველობებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცმეების გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ხელისუფლებამ ექვსი ქალაქის და მუნიციპალიტეტის საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა. ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა რაოდენობის შემცირება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

"რაც შეეხება იმ რამდენიმე საკრებულოს, სადაც “ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არა აქვს, აქ ჩვენ ორი გზით წავალთ: - ეს იქნება კონკრეტული თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებზე მერსა და საკრებულოს შორის. თუ საბოლოო ჯამში, ასეთი თანამშრომლობა არ შედგა - არ მოხერხდა ბიუჯეტის დამტკიცება და ასე შემდეგ, მაშინ კანონით გათვალისწინებულია ხელახალი არჩევნების დანიშვნა როგორც მერის, ასევე საკრებულოს მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე თვითმმართველობაში პროცესს დავაკვირდეთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

NGO-ები: საარჩევნო დარღვევები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და შესაძლოა, არჩევნების შედეგებზეც