ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს. მამულაშვილის განცხადებით, ქვეყანას არჩევნები და მომავალი მოპარეს.
ამასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მანდატის შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს შესაბამისი პროცედურების გავლით მიმართავს.
„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს არა მხოლოდ არჩევნები და მომავალი მოპარა, არამედ ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს პრორუსულ ორბიტაზე, ინსტიტუტები გვჭირდებოდა იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა პლატფორმა საუბრისთვის, მაგრამ ახლა კარგავს აზრს, რადგან ქვეყანა არის მიტაცებული, ძირითადად, ერთი ადამიანის ხელში და ახლა ამ ინსტიტუტებში ყოფნა და რამის გახმოვანება არის ძალიან საეჭვო. ვფიქრობ, პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება. ისედაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით აქამდე, ახლა ვხედავთ, რომ პარლამენტში “ქართული ოცნება” ცდილობს, გაატაროს ის ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. ვთლი, სწორი იყო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ამ მაგალითს უნდა მივბაძოთ. პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია - ეს პარლამენტი არის ცირკი, თეატრი და ამ თეატრში მონაწილეობა არის მიუღებელი", - აცხადებს ნონა მამულაშვილი.