ერთი თვის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჩამოყალიბდა უნივერსალური ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შეფასების ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი (Universal Health and Preparadness Review (UHPR) Technical Advisory Group), რომელშიც 21-კაცია გაერთიანებული, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. პირველი შეხვედრა 28-29 ოქტომბერს ონლაინ გაიმართა და მას ჯანმოს გენერალური მდივანიც ესწრებოდა.
ჯგუფი ამიერიდან თვეში ერთხელ შეიკრიბება. მრჩეველთა საბჭოში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად არის ზაზა წერეთელი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველიც, რომელიც კოლეგებთან ერთად უკვე შეუდგა მუშაობას. რატომ გახდა საჭირო ამ ჯგუფის შექმნა, რა არის მისი მიზანი და როგორ შეიძლება ის მომავალში შეეხოს საქართველოსაც, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Europetime ზაზა წერეთელს ნორვეგიაში დაუკავშირდა.
ზაზა წერეთელი: პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველა ქვეყანამ დაინახა, რომ გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდნენ ამ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რამდენად განვითარებული იყო ესა თუ ის ქვეყანა. ამიტომ, პირველი თვეების განმავლობაში ბევრი პრობლემა იყო და როდესაც ეს დაინახეს, 2020 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე გადაწყდა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყნები უკეთ იყვნენ მომზადებულნი ასეთი კრიტიკული სიტუაციებისთვის.
ჯანმომ გადაწყვიტა, შეეფასებინა, როგორია მზაობა ქვეყნების ასეთი კრიტიკული სიტუაციებისადმი, რა შეცდომები იქნა დაშვებული, რათა გაითვალისწინონ ეს შეცდომები და ეცადონ მის გამოსწორებას.
გადაწყდა, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, ეს იქნება ინდიკატორების კრებული, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ თავის ქვეყანაში უნდა შეკრიბოს და ამის მიხედვით შეფასდება ქვეყნის მზაობაც და გამოჩნდება, სად რა პრობლემებია.
ჯანმოსთან ჩამოყალიბდა ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ინდიკატორების ნაკრები, შემდეგ ჩაატაროს პილოტირება ქვეყნებში, გააანალიზოს მისი შედეგები და წარმოადგინოს მექანიზმები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოიტანს მსოფლიო ასამბლეაზე. თუ ის ქვეყნების მიერ დამტკიცდება, ყველა ქვეყანამ უნდა დაიწყოს მისი გამოყენება, რათა შეაფასოს თავისი მდგომარეობა, მზაობა შემდგომი კრიტიკული სიტუაციებისთვის.
პირველებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ და პორტუგალიამ გამოხატეს სურვილი, რომ საპილოტე პროგრამა დაიწყონ თავიანთ ქვეყნებში. იქნებიან სხვა ქვეყნებიც და პილოტირების დროს შეგროვდება ინფორმაცია, როგორ მართეს ამ ქვეყნებმა პანდემია და შესაბამისად, საუკეთესო მაგალითების ან შეცდომების ანალიზი მოხდება.
არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლებსაც ქვეყნები ყოველწლიურად აგროვებდნენ, ასევე - საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციები, რომლებიც სწორედ მიმართული იყო კრიტიკული სიტუაციების დროს ქვეყნების მოქმედებაზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო, რადგან ქვეყნებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს თავისი მზაობა სიტუაციის ასეთი გამწვავებისთვის.
ახლა ქვეყნები გამოცდილების საფუძველზე ფიქრობენ, გამოყონ ინდიკატორები, რომლებიც უფრო ნათლად მისცემს ამ ქვეყნებს საშუალებას, მიხვდნენ, რამდენად მზად არის მათი ჯანდაცვის სისტემა, მართვის სისტემა, კანონმდებლობა, ასევე - ფინანსურად როგორ იყვნენ მზად, რათა ვითარების გაანალიზება მოხდეს. გარდა ამისა, მოხდება სხავდასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნის შესახებ საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გაკვეთილების შეგროვება და დოკუმენტირება.
თუ ჯანმომ დაამტკიცა ეს ახალი მექანიზმი, შემდეგ ქვეყნებმა უნდა გამოხატონ თავისი მზაობა, რომ ჩაატარონ ასეთივე შეფასებები თავიანთ ტერიტორიაზე.
ცხადია ასეთივე შეთავაზება ექნება საქართველოსაც და თანხმობის შემთხვევაში უკვე საქართველომაც უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ჩაატარებს ასეთ კვლევას ქვეყანაში.
შესაბამისად, საქართველოს და მსოფლიოსაც ეცოდინება, როგორია მზაობა საგანგებო სიტუაციებისადმი.
_რას შეუწყობს ხელს მექანიზმის ამოქმედება?
_თვითონ ქვეყნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაინახონ, სად აქვთ პრობლემები და რა არის გასაუმჯობესებელი. ასევე, ეს ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას, რადგან პანდემიის დაწყებისას, მაგალითად, ქვეყნებმა არ იცოდნენ, ჩაეკეტათ თუ არა საზღვრები, შემოეშვათ თუ არა სხვა ქვეყნიდან თავისი მოქალაქეები, ასევე იყო უკმაყოფილება თუ გახსოვთ, რომ ჯანმომ დააგვიანა პანდემიის გამოცხადება. ასე რომ, ეს ყველანაირად შეუწყობს ხელს ქვეყნებს, გააანალიზონ თავისი მდგომარეობა და მეორე - საერთაშორისო საზოგადოებამაც შეაფასოს და გადააფასოს, როგორ შეხვდა ის კოვიდპანდემიას, რომ თუნდა რაღაც მექანიზმები დაიხვეწოს. ეს შეფასება ასევე განიხილება როგორც ეფექტური საშუალება, ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ახალი და განვითარებული საკითხების იდენტიფიცირებას და და მხარდაჭერის მობილიზებას საერთო გამოწვევების დასაძლევად.
ეს გააძლიერებს ეროვნულ შესაძლებლობებს პანდემიისადმი მზადყოფნისათვის საერთო ანგარიშვალდებულების, თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის გზით.
_რა კრიტერიუმით შეირჩა ქვეყნები პილოტირებისთვის?
დიახ, იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეერჩიათ ქვეყნები. შეთანხმდნენ, რომ რთულია 100%-ით წარმატებული ქვეყანა გამოყო, რადგან რაღაც მიმართულებით ყველგან იყო პრობლემები. ამიტომ, აიღეს ის ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს და ის ქვეყნები, სადაც ყველა მაგალითის შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება. გერმანიამ და საფრანგეთმა გამოთქვეს სურვილი, არის კიდევ აფრიკის და აზიის რამდენიმე ქვეყანა. პორტუგალია წარმატებულია, 90% ჰყავს აცრილი, მაგრამ მას აინტერესებდა, კიდევ უფრო უკეთესად იყოს მზად მისი ჯანდაცვის სისტემა და ქვეყანა. აქ მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ არის, მიმდინარეობს ანალიზი იმაზე, თუ როგორი იყო მულტისექტორული ურთიერთობა, როგორ მონაწილეობდნენ სხვა სექტორები, მართვა და საზოგადოების ჩართულობა.
ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, ჩაატარონ საპილოტე პროგრამა, ჯანმო მიეხმარება და შემდეგ, თუ დამტკიცდება ეს ჯანმოს მიერ, ყველა ქვეყანა იქნება ვალდებული, ჩაატაროს კვლევა, რათა მსოფლიოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჰქონდეს საშუალება, შეაფასოს არამარტო თავისი ქვეყნის ვითარება, არამედ იცოდეს, რა მდგომარეობაა მის მეზობლებთან და უფრო უკეთ დაგეგმონ, რისი გაკეთება იქნება საჭირო.
_რას ელის ჯანმო მრჩეველთა ჯგუფისგან?
ჯანმოს უნდოდა, ჩვენ გამოგვეყენებინა მეტ-ნაკლებად ის ინდიკატორები, რომლებსაც ქვეყნები ადრეც იყენებდნენ, მაგრამ ახლა დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ახალი ინდიკატორებიც გამოვიყენოთ, რადგან როგორც აღმოჩნდა, ქვეყნებმა კი იცოდნენ, რამდენი ექიმი ჰყავთ, რამდენი საწოლი აქვთ, მაგრამ ეს როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი, რომ მზად ყოფილიყვნენ სიტუაციის მკვეთრი ცვლილებისთვის.
ამიტომ, მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტული ინდიკატორების შემუშავებაზე, რაც ქვეყანას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მზაობის ანალიზი მოახდინოს კრიტიკული სიტუაციის დროს და არა ის, თუ რამდენი საწოლია ჰოსპიტლებში. ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო კრიტიკული განყოფილების საწოლების რაოდენობა და ასე შემდეგ. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა საუბარი, რომ რაღაც ახალი მექანიზმი ჩამოყალიბდეს, რომ ინდიკატორები დაიხვეწოს და ქვეყნებსაც კონკრეტული ანალიზის საშუალება მიეცეთ, რადგან შემდგომ პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდნენ.
_როგორ აპირებენ პანდემიის მართვის შეფასებას?
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე პრობლემური საკითხია, როგორ მართავენ ქვეყნები სიტუაციას. გამოიკვეთა სახელმწიფოს როლი, არიან ინდივიდები, ბიზნესსექტორი, მაგრამ მთავარი როლი სახელმწიფოს ენიჭება პანდემიის მართვაში. მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტური და მოქნილი იყო ეს მართვა, ხომ არ დააგვიანეს გადაწყვეტილების მიღება და თუ დააგვიანეს, რითი იყო ეს გამოწვეული. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც თქვეს, ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ მართვა არ აღმოჩნდა ისეთი მოქნილი, რომ მაშინვე გამოევლინათ ალღო შექმნილი კრიტიკული სიტუაციის დროს.
მეორე საკითხია - ადამიანის უფლებები. ამ 21-კაციან ჯგუფში, ერთი ადამიანი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიდანაც არის, რადგან ახლა ხომ მიმდინარეობს მსჯელობა მაგალითად, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია მანდატორული და ასე შემდეგ. ასევე, შეზღუდვების დროსაც ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, რამაც შეაფერხა გარკვეული ღონისძიებების გატარება. ამიტომ, ამ სიტუაციის შეფასებასაც აპირებენ, რათა გაანალიზდეს, როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული ისე, რომ ადამიანის უფლება არ შეილახოს, მაგრამ ყველაზე მთავარი - ჯანმრთელობის უფლება რომ იყოს დაცული.
_რას ფიქრობენ ვაქცინაციის სავალდებულოობაზე, გარკვეული ჯგუფისთვის უნდა მოქმედებდეს ეს ზომა?
მაგალითად სკანდიავიაში, ჩვენთან არც იყო საუბარი სავალდებულო ვაქცინაციაზე, რადგან მოსახლეობა იმდენად გათვიცნობიერებული იყო და აღქმა ჰქონდათ იმის, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, არავის უფიქრია, არ აცრილიყო. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში არანაირად არ იყო საჭირო სავალდებულოობა. თუმცა არიან ქვეყნები, სადაც მოსახლეობა „ფეხს ითრევს“, ძალიან მცირე რაოდენიბით არის აცრილი და სხვა გამოსავალი არ რჩება.
მაგალითად, რიგი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, გამოიყენონ „მწვანე ბარათები“, რომლის საშუალებითაც, აცრილებს აქვთ სერვისებთან წვდომა. ასეთი საშუალებით ცდილობენ, გაზარდონ ვაქცინაციის ტემპი და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. საქართველოში ძალიან დაგვიანდა, უკვე ნოემბერი დაიწყო, ზამთარში ვირუსი უფრო ძლიერდება, რასაც გრიპიც დაემატება. ჩემი აზრით, საქართველოში პრობლემა იქნება არა ის, რომ გამოაცხადებენ, არამედ, როგორ გააკონტროლებენ, რა მექანიზმს შემოიღებენ, მაგალითად, სხვა ქვეყნებში, ექიმები, რომლებიც არ იცრებოდნენ, სხვა სამუშაოზე გადაიყვანეს, ან უფასო შვებულებაში გაუშვეს. როგორ ეტყვი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში თანამშრომელს - თუ არ აიცრები ხელფასს არ მოგცემ. რთული საკითხია. ალბათ ამიტომაც მისაღები იქნება საქართველოში „მწვანე ბარათები“ და აცრილებს ჰქონდეთ უფრო მეტი უფლება, ვიდრე მათ, ვინც აუცრელია.
_რაც შეეხება ნორვეგიას, ვიცით, რომ შეზღუდვები მოიხსნა, როგორია ეპიდვითარება ამჟამად?
შემთხვევების რაოდენობამ ცოტა მოიმატა სკოლის მოსწავლეებში, ამიტომ, ნორვეგია ცდილობს, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრები დააჩქაროს. იმისთვის, რომ სწავლა არ შეფერხდეს, ყოველკვირეულად მიმდინარეობს ტესტირება, რომ სწრაფი გამოვლენა და კარანტინში გადაყვანა მოხდეს. უბრალოდ, მოსახლეობა მაინც იცავს დისტანციას, ცდილობენ, მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. პირბადეებს არ ატარებენ, გარდა მატარებლებისა და ტრანსპორტისა, სადაც ბევრი ხალხია. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ისეა, როგორც პანდემიამდე.
მოსახლეობის 80%-მდე აცრილია და ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ნორვეგია და დანია, მოახერხეს მასობრივი ვაქცინაცია და ახლა გრიპის საწინააღმდეგო აცრებიც ტარდება. ერთადერთი - საზღვრებს მაინც აკონტროლებენ, არიან ქვეყნები, საიდანაც შესვლა, კარანტინს მოითხოვს, ხოლო მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუ გაქვთ კოვიდპასპორტი, შეგიძლიათ, კარანტინის გარეშე შემოხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარანტინი მოგიწევთ.
_ოფიციალური პროტოკოლი როგორია?
კოვიდსიტუაციას ვმართავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოვხსენით და დავუბრუნდით ძველებურ ცხოვრებას. ვმართავთ ისე, რომ სიტუაცია არ გაუარესდეს, ვაკონტროლებთ სიტუაციას. წლის ბოლოსთვის მთავრობა შეიკრიბება, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც შეაფასებენ, როგორი ეპიდსიტუაცია იქნება, განსაკუთრებით, ჰოსპიტლებში ავადმყოფების რაოდენობას, რომლის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაიმე ზომა შეცვალონ თუ გაამკაცრონ. ყველას ეუბნებიან, რომ კოვიდი არ დასრულებულა და ჩვენ მისი მართვა მოვახერხეთ, ამიტომ გთხოთ, დაიცვათ ის წესები, რომლებიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ თქვენი და სხვისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩააგდოთ.