ლევან ხაბეიშვილი: უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არამარტო მანდატთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია მისი მოწოდების არგაზიარება. ამასთან, ლევან ხაბეიშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს, ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ.

„ცხადია, წარმოუდგენლად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება არ გავიზიარო, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ის ტყვეობაშია, საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას რისკავს და 32 დღეა შიმშილობს. ამასობაში, მინდა მოვეფერო ჩემს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს პოზიცია გვქონდეს გუნდური და არა ინდივიდუალური. უმნიშვნელოვანესია უახლოეს საათებში ჩვენი მოქმედებები, გადაწყვეტილებები არამარტო მანდატთან დაკავშირებით.

მთავარი მანდატი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხის სიყვარული. ჩვენი სამშობლოს გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მთავარზე - თავისუფლება უკანონოდ დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს. ყველა ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, აქცია, ბრძოლა დაუკავშირდება, უსამართლობასთან არშეგუებას, მიშას თავისუფლებას“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განაცხადეს.

მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ურჩია ყველა თანამებრძოლს, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი.