თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კოვიდპაციენტებში "რემდესივირის" ეფექტიანობის შესახებ იუწყება.
მისი თქმით, უახლესი კვლევების მონაცემებით, დამატებითი მტკიცებულებები ჩნდება, რომლის მიხედვითაც ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არამხოლოდ აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას და ამოკლებს გამოჯანმრთელების პერიოდს, არამედ სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობის რისკებს.
„ამერიკელი ავტორების მიერ 40 000-ზე მეტ COVID ავადმყოფზე ჩატარებული ძალიან სერიოზული დიდი მულტიცენტრული კვლევის მიხედვით "რემდესივირი" სარწმუნოდ ამცირებდა სიკვდილობას - 24%-ით დაავადების მე-14 დღისთვის და 11%-ით - 28-ე დღისთვის.
რიგი სხვა უახლესი კვლევების მიხედვით "რემდესივირი" აგრეთვე ამცირებდა სიკვდილობის ალბათობას COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 21%-დან 61%-მდე.
რიგი სერიოზული კვლევების თანახმად COVID-19-ის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის - "იანუს კინაზას ინჰიბიტორის ბარიციტინიბის" გამოყენება "რემდესივირთან" კომბინაციაში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ზრდიდა ეფექტიანობას და სარწმუნოდ ამცირებდა გამოჯანმრთელების დროს, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის ბლოკში მოხვედრის სიხშირეს და სიკვდილობის რისკს.
საქართველოში COVID19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ "რემდესივირს" ვიყენებთ 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო ა.წ. ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ "ბარიციტინიბის" გამოყენება "რემდესივირთან" და/ან "სტეროიდებთან" კომბინაციაში, რაც ვფიქრობთ დიდად შეუწყობს ხელს გამოსავლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციით დაბალი მოცვის, პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლისა და ხალმხრავალი შეკრებებების სიმრავლის პირობებში ძალიან მაღალია COVID-19-ის ახალი შემთხვევების და COVID-აქტიური პაციენტების რაოდენობა", - წერს ცერცვაძე.
მისი თქმით, ამ კვლევების შედეგები და საქართველოს გამოცდილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს "რემდესივირის" გამოყენების მიზანშეწონილობას (ბარიციტინიბთან კომბინაციაში ან მის გარეშე) COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ COVID-კლინიკებმა, რომლებიც გაუგებარი მიზეზით დღემდე არ იყენებენ "რემდესივირს".
„ა.წ. 22 სექტემბერს კომპანია Gilead-მა გამოაცხადა, რომ მედიკამენტმა "რემდესივირმა" დადებითი შედეგი აჩვენა მე-3 ფაზის რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (კვლევა ჩატარდა 105 ლოკაციაზე) დაავადების დამძიმების რისკის მქონე COVID-19-ით არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც COVID დამადასტურებელი ტესტი მიიღეს კვლევაში ჩართვამდე მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში, "რემდესივირის" 3-დღიანმა კურსმა სტატისტიკურად სარწმუნოდ - 87% შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და აგრეთვე შეამცირა სიკვდილობის რისკი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ "რემდესივირის" გამოყენება არაჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერ-ჯერობით არის საცდელი და მის პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.