31 ოქტომბერს, რომში G20 ლიდერთა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მუშაობს მშვიდობის დამყარებაზე სამხრეთ კავკასიაში და რომ მისი შემოთავაზებული ექვსმხრივი პლატფორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. ერდოღანის თქმით, სამხრეთ კავკასიაში „ექვსმხრივი პლატფორმის“ ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ამ თემაზე ბატონმა ილჰამ ალიევმა უკვე გამართა მოლაპარაკებები სომხეთთან და შესთავაზა წინადადება რეგიონულ მშვიდობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს გარკვეულწილად ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ თუ ყველა აჩვენებს პოზიტიურ დამოკიდებულებას, პლატფორმა შეიძლება შეიქმნას“,- ციტირებს ერდოღანის სიტყვებს სააგენტო Anadolu.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი პლატფორმის ფორმირება დადებითად შეუწყობს ხელს ანკარა-ერევნის ურთიერთობების განვითარებას.
დღესვე, TASS.- ი იუწყება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და მისმა თურქმა კოლეგამ მევლუთ ჩავუშოღლუმ შაბათს რომში G20-ის სამიტის დროს საუბრისას ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული „3+3“ პლატფორმის პერსპექტივაზე.
„მათ გაცვალეს მოსაზრებები 3+3 რეგიონული მექანიზმის ამოქმედების პერსპექტივებზე ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვისა და სამხრეთ კავკასიაში ორმხრივად მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
ცნობისთვის, თეთრი სახლის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ბაიდენმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილა დიპლომატიური ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“.
საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.
„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.