„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბათუმში აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ რუსთავის ციხესთან ასევე ელოდებიან მოსახლეობას საღამოს 6 საათზე, ეს პროტესტი კი გაგრძელდება „,ვიდრე პატიმრობიდან არ იხსნიან ექსპრეზიდენტ სააკაშვილს“.
რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის პარლამენტი დახურულია და მნიშვნელობა არ აქვს, მისი დანარჩენი თანაგუნდელები დღეს დატოვებენ პარლამენტს, ხვალ თუ ზეგ.
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მანდატით თუ მანდატის გარეშე იქნება დეპუტატის თავდადება სახალხო მღელვარებაში. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ ეს თემა უმნიშვნელოა.
„ფორმალურად, მანდატი ჯერ კიდევ აქვს თუ არა ვინმეს, რა მნიშვნელობა აქვს?!“ - მიმართა მან ჟურნალისტს.
თავის მხრივ, პარტიის წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რადგან სხვადასხვა არგუმენტი განიხილება, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილების მიღების აუცილებლობა, რომელიც სრულად პროპორციულ სისტემას გულისხმობს, და ასევე ის რომ, პარლამენტარის მანდატი იძლევა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობას და ამ კომუნიკაციის არხის დატოვებას, რომელიც შეიძლება, მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, თუ პარლამენტს 37 დეპუტატი დატოვებს, პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საფრთხე დაემუქრება. მისი დამტკიცება 3/4-იანი კვორუმით ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება.
პარლამენტში ახლა 149 წევრია. ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება არჩევნების წინ შეუწყდა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 31 წევრით არის წარმოდგენილი პარლამენტში.
სადეპუტატო მანდატები ამ დროისთვის დატოვეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთეს.
„ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ: მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, პარლამენტი და „ქართული ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ", - ეს განცხადება კი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.