რეგიონებში გაზი 20 თეთრით ძვირდება

"არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით. ტარიფი მხოლოდ პურის მწარმოებელ კომპანიებს არ გაუძვირდებათ", - ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზის" განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ფასის ცვლილება გამოწვეულია მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.

"2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს სოკარ ჯორჯია გაზის საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს სოკარ ჯორჯია გაზის მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული.

ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.